Platform users
Platform Terms and Conditions
Version 5
Updated 2026-09-27 23:37:53
ArchyZen-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში — „წესები“) აწესრიგებს შპს „არქიზენ“-სა (საიდენტიფიკაციო კოდი: 400476686; შემდგომში — „ოპერატორი“) და ვებგვერდით მოსარგებლე ნებისმიერ პირს (შემდგომში — „მომხმარებელი“) შორის ურთიერთობას. წესებზე თანხმობის დადასტურებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წესებს. წინამდებარე წესები მომხმარებლისთვის მოქმედებას იწყებს მის მიერ წესებზე თანხმობის დადასტურების მომენტიდან.
წინამდებარე წესები არეგულირებს მხოლოდ ოპერატორსა და ვებგვერდის საჯარო მომხმარებელს შორის ურთიერთობას და არ ცვლის ან ანაცვლებს ოპერატორსა და მის კორპორაციულ დამკვეთებს შორის ცალკე გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას და მის დანართებს.
1. ვებგვერდის დანიშნულება და საჯარო ინფორმაცია
1.1. ოპერატორი მართავს ვებგვერდს და უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს მისი გამოყენების წესები.
1.2. ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ბინები, პროექტები, შეთავაზებები და სხვა საჯარო ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ოპერატორის ან მისი კორპორაციული დამკვეთების მიერ.
1.3. ოპერატორი უფლებამოსილია შეცვალოს ან წაშალოს ვებგვერდზე განთავსებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც არასწორია, მოძველებულია ან არღვევს ვებგვერდის გამოყენების წესებს.
1.4. ოპერატორი ვალდებულია არ შეუქმნას მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ხასიათთან დაკავშირებით. კერძოდ, ოპერატორი მიუთითებს, რომ პროექტების, ბინების, ფასების, ხელმისაწვდომობისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ნაწილი შეიძლება მოწოდებული იყოს მესამე კომპანიების მიერ, დროთა განმავლობაში შეიცვალოს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს საბოლოო ან გარანტირებულ მონაცემებს — ასეთი ინფორმაცია მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს უშუალოდ შესაბამის კომპანიასთან.
2. მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება
2.1. ოპერატორი უფლებამოსილია დაამუშაოს მომხმარებლის მიერ ვებგვერდის საშუალებით მოწოდებული ინფორმაცია (მათ შორის, სახელი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ძიების ინტერესები ან მოთხოვნები), თუ ეს აუცილებელია მომსახურების გასაწევად, მათ შორის მოთხოვნის დამუშავების, შესაბამის კომპანიასთან დაკავშირების ან მომხმარებლისთვის შესაბამისი შეთავაზების მოძიების მიზნით.
2.2. ოპერატორი ამ მონაცემებს იყენებს მხოლოდ მომსახურებასთან, უსაფრთხოებასთან, ანგარიშის მართვასთან, მხარდაჭერასთან ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული მიზნებისთვის და არ იყენებს მათ სხვა მიზნით, თუ მომხმარებელს ცალკე არ გამოუხატავს თანხმობა ან კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს ამის შესაძლებლობას.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვა
3.1. ოპერატორი იცავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3.2. ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს გასაგებად აუხსნას, თუ რა სახის ინფორმაციას აგროვებს მისგან და რა მიზნით.
3.3. მომხმარებელს უფლება აქვს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში მოითხოვოს საკუთარი პერსონალური მონაცემების შესწორება, განახლება ან წაშლა. ოპერატორი განიხილავს ასეთ მოთხოვნას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
3.4. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას იმ საინფორმაციო ან სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე ან მონაცემთა დამუშავების იმ სახეობებზე, რომლებიც არ არის აუცილებელი მომსახურების გასაწევად.
4. წინასწარი გაცნობა და გამჭვირვალობა
4.1. ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს რეგისტრაციამდე ან ვებგვერდით სარგებლობამდე მისცეს შესაძლებლობა, გაეცნოს წინამდებარე წესებს, ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის შეტყობინებას.
4.2. ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს მარტივი და გასაგები ფორმით აუხსნას, თუ რა წესებით ფუნქციონირებს ვებგვერდი.
5. მომხმარებლის შეზღუდვა და ბოროტად გამოყენების პრევენცია
5.1. ოპერატორი უფლებამოსილია შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა ვებგვერდზე, თუ იგი ვებგვერდს იყენებს არაკეთილსინდისიერად, აგზავნის ყალბ მოთხოვნებს ან სხვაგვარად ზიანს აყენებს ვებგვერდის ან სხვა მომხმარებლების ინტერესებს.
5.2. ოპერატორი ვალდებულია გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებით დაიცვას ვებგვერდი უნებართვო წვდომის, ყალბი მოთხოვნების და არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან.
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
6.1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის ფასების, ხელმისაწვდომობისა და შეთავაზებების შესახებ მონაცემები, ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს ოპერატორის საბოლოო ან გარანტირებულ შეთავაზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაბამისი პირობა პირდაპირ არის მითითებული.
6.2. ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მესამე კომპანიების მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, თუმცა მიმართავს სათანადო ძალისხმევას ასეთი ინფორმაციის სისწორის შესამოწმებლად და არასწორი ან მოძველებული ინფორმაციის დროულად გასწორების ან წაშლის მიზნით.
7. წესების ცვლილება
7.1. ოპერატორი უფლებამოსილია საჭიროებისამებრ განაახლოს წინამდებარე წესები. არსებითი ცვლილების შემთხვევაში ოპერატორი სათანადო საშუალებით (მათ შორის ვებგვერდზე შეტყობინების განთავსებით) აცნობებს მომხმარებელს ცვლილების შესახებ.
7.2. განახლებული წესების ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება მიიჩნევა განახლებულ წესებზე მომხმარებლის თანხმობად.
8. მოქმედი კანონმდებლობა და დავები
8.1. წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. წინამდებარე წესებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში — საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
9. საკონტაქტო ინფორმაცია
ოპერატორი: შპს „არქიზენ“
საიდენტიფიკაციო კოდი: 400476686
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა №45
საკონტაქტო ელფოსტა: info@archyzen.com
წინამდებარე წესებთან ან ვებგვერდთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ოპერატორს შემდეგ საკონტაქტო ელფოსტაზე: info@archyzen.com
ArchyZen-ის მომსახურების ხელშეკრულება
წინამდებარე ხელშეკრულება აწესრიგებს შპს „არქიზენ“-სა (საიდენტიფიკაციო კოდი: 400476686; შემდგომში — „მიმწოდებელი“) და ArchyZen-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ კომპანიას (შემდგომში — „დამკვეთი“) შორის ურთიერთობას.
მიმწოდებლის იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა №45
მიმწოდებლის საკონტაქტო ელფოსტა: info@archyzen.com
დამკვეთის იდენტიფიცირება ხდება პლატფორმაში მის მიერ მითითებული სარეგისტრაციო მონაცემებით. დამკვეთის სახელით ხელშეკრულებას მე-16 მუხლით დადგენილი წესით ელექტრონულად ადასტურებს მისი უფლებამოსილი პირი.
მიმწოდებელი და დამკვეთი შემდგომში ცალ-ცალკე მოიხსენიებიან როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად — „მხარეები“.
მუხლი 1. ტერმინები და ხელშეკრულების შემადგენლობა
1.1. „პლატფორმა“ გულისხმობს „ArchyZen“-ის პროგრამულ პლატფორმას, მის პროგრამულ კოდს, დიზაინს, ხელოვნური ინტელექტის მოდელსა და მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.
1.2. „დამკვეთის მონაცემები“ გულისხმობს დამკვეთის მიერ პლატფორმაზე ატვირთულ ან შეყვანილ მონაცემებს, მათ შორის პოტენციური მყიდველების, მყიდველების, კონტრაგენტების, თანამშრომლების, პროექტების, ბინების, დოკუმენტების, ფაილებისა და მიმოწერის შესახებ ინფორმაციას.
1.3. „მომხმარებელი“ გულისხმობს დამკვეთის მიერ პლატფორმაზე დაშვებულ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს პერსონალური ანგარიში.
1.4. „დამკვეთის ადმინისტრატორი“ გულისხმობს დამკვეთის მიერ დანიშნულ მომხმარებელს, რომელსაც პლატფორმაში მინიჭებული აქვს კომერციული პირობების, მომხმარებლების, ზღვრების, პაკეტებისა და სხვა ოპერაციული ცვლილებების მოთხოვნისა და დადასტურების უფლებამოსილება.
1.5. „პაკეტი“ გულისხმობს ფუნქციების, მომხმარებლების, პროექტების, მოცულობებისა და სხვა ზღვრების ერთობლიობას. „სატესტო“, „წინასაჯარო“ და „წინასაჯარო პლუსი“ ერთი და იმავე წინასაჯარო პერიოდის ალტერნატიული პაკეტებია და არა თანმიმდევრული ეტაპები.
1.6. „მომსახურების პერიოდი“ გულისხმობს პლატფორმის კომერციული განვითარების შესაბამის პერიოდს, წინასაჯარო პერიოდს ან საჯარო გაშვების შემდგომ პერიოდს. საჯარო გაშვების შემდგომი სტანდარტული პაკეტები განისაზღვრება ცალკე კომერციული პირობებით.
1.7. „ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია“ გულისხმობს პლატფორმის ფუნქციას, რომელიც დამკვეთის მონაცემების საფუძველზე ქმნის ან სთავაზობს შეფასებას, პრიორიტეტს, სტატუსის ცვლილებას, შეჯამებას, აღწერას ან პასუხის პროექტს.
1.8. „კომერციული პირობები“ გულისხმობს დანართ №1-ს და მის საფუძველზე პლატფორმაში შექმნილ, დამკვეთის ადმინისტრატორის მიერ დადასტურებულ მოქმედ ელექტრონულ შეკვეთას ან ცვლილებას, რომელშიც განისაზღვრება არჩეული პაკეტი, ტარიფი, ფუნქციები, ზღვრები, ფასი, ანგარიშსწორება, მომსახურების პერიოდი და სპეციალური პირობები.
1.9. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ტერმინები გამოიყენება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. დამკვეთის მონაცემებთან მიმართებით დამკვეთი არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ხოლო მიმწოდებელი — დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. მომხმარებლის ანგარიშების, ავთენტიფიკაციის, უსაფრთხოების სისტემური ჩანაწერების, აუდიტის, ანგარიშსწორებისა და ხელშეკრულების ადმინისტრირების მონაცემებთან მიმართებით მიმწოდებელი მოქმედებს, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.
1.10. წინამდებარე ხელშეკრულება, დანართი №1 და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით დადასტურებული მოქმედი ელექტრონული კომერციული პირობები ერთობლივად წარმოადგენს მხარეთა სრულ შეთანხმებას. კომერციულ საკითხებთან დაკავშირებული წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მხარეთა მიერ ბოლოს დადასტურებულ კომერციულ პირობებს, ხოლო პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებში — ამ ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლებს.
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი, პაკეტები და მომსახურების პერიოდები
2.1. მიმწოდებელი დამკვეთს ანიჭებს პლატფორმაზე წვდომას და უწევს მასთან დაკავშირებულ მომსახურებას დანართ №1-ით ან მოქმედი ელექტრონული კომერციული პირობებით განსაზღვრული პაკეტის, ტარიფის, ფუნქციებისა და ზღვრების ფარგლებში.
2.2. წინასაჯარო პერიოდში დამკვეთი ირჩევს „სატესტო“, „წინასაჯარო“ ან „წინასაჯარო პლუსი“ პაკეტებიდან ერთ-ერთს. აღნიშნული პაკეტები დამკვეთებისთვის ერთსა და იმავე პერიოდში ალტერნატიულად არის ხელმისაწვდომი და ერთი პაკეტიდან მეორეზე გადასვლა ავტომატურად არ მიმდინარეობს. საჯარო გაშვების შემდეგ ხელმისაწვდომი სტანდარტული პაკეტები, მათი ფუნქციები, ზღვრები, ფასი და მოქმედების პირობები განისაზღვრება დანართ №1-ით და 16.1 პუნქტის შესაბამისად მხარეთა მიერ ელექტრონულად დადასტურებული კომერციული პირობებით.
2.3. შესაძლოა ზოგიერთი ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებული იყოს მესამე პირის თანხმობაზე, ტექნიკურ ინტეგრაციაზე ან მომსახურებაზე. დანართ №1-ში ასეთი ფუნქციისთვის მითითებული ვადა საორიენტაციოა და არ წარმოადგენს ხელშეკრულების დადების არსებით პირობას ან მიმწოდებლის უპირობო გარანტიას.
2.4. მიმწოდებელს უფლება აქვს განაახლოს, გააუმჯობესოს ან შეცვალოს პლატფორმა, მისი ფუნქციური შესაძლებლობები და ტექნიკური მახასიათებლები, თუ ასეთი ცვლილება არსებითად არ ამცირებს დამკვეთის მიერ შეძენილი პაკეტით გათვალისწინებულ ძირითად ფუნქციურ შესაძლებლობებს და არსებითად არ აუარესებს მომსახურებით სარგებლობის პირობებს. თუ დაგეგმილი ცვლილება არსებითად ამცირებს დამკვეთის მიერ შეძენილი პაკეტით გათვალისწინებულ ძირითად ფუნქციურ შესაძლებლობებს ან სხვაგვარად არსებითად აუარესებს მომსახურებით სარგებლობის პირობებს, მიმწოდებელი ვალდებულია ამის შესახებ დამკვეთს აცნობოს ცვლილების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
2.5. წინამდებარე ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც ცვლილების დაუყოვნებლივ განხორციელება აუცილებელია უსაფრთხოების საფრთხის აღმოსაფხვრელად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნის შესასრულებლად. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ცვლილებას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელი მოცულობით და დამკვეთს ცვლილების, მისი საფუძვლისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ აცნობებს შესაძლებლობისთანავე.
მუხლი 3. ხელმისაწვდომობა, ანგარიშები და წვდომა
3.1. საჯარო გაშვების შემდეგ მომსახურების დონის შეთანხმება მოქმედებს მხოლოდ იმ სტანდარტულ პაკეტზე, რომლის კომერციულ პირობებშიც პირდაპირ არის განსაზღვრული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი, მისი გამოთვლის წესი და შესაბამისი მომსახურების საფასურის შემცირება ან კომპენსაცია. სხვა პაკეტებზე მიმწოდებელი მომსახურებას გონივრული ძალისხმევით უზრუნველყოფს. მომსახურების დონის შეთანხმება არ ვრცელდება დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებზე, დამკვეთის ინფრასტრუქტურით გამოწვეულ შეფერხებაზე, მესამე პირის მომსახურების შეფერხებაზე, დაუძლეველი ძალის გარემოებაზე ან დამკვეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეულ შეზღუდვაზე.
3.2. დამკვეთი ნიშნავს სულ მცირე ერთ დამკვეთის ადმინისტრატორს, რომელიც მართავს მომხმარებლებს, როლებსა და წვდომის უფლებებს და მე-16 მუხლის ფარგლებში უფლებამოსილია დამკვეთის სახელით დაადასტუროს ხელშეკრულება, მისი დანართები, კომერციული პირობები და მათი ცვლილებები.
3.3. დამკვეთი პასუხისმგებელია ადმინისტრატორის უფლებამოსილების ნამდვილობაზე, სისწორესა და დროულ განახლებაზე.
3.4. საწყისი ანგარიშის გააქტიურებამდე, აგრეთვე შემდგომში, როდესაც ეს აუცილებელია დამკვეთის ან მისი სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაციის, უფლებამოსილების გადამოწმების, ინფორმაციული უსაფრთხოების ან თაღლითობის პრევენციის მიზნით, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი პირის ვინაობის, თანამდებობისა და დამკვეთის სახელით მოქმედების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სანდო ინფორმაცია.
3.5. მოთხოვნილი დოკუმენტის ან ინფორმაციის სრულად მიღებამდე და გადამოწმებამდე მიმწოდებელს უფლება აქვს არ გაააქტიუროს ან დროებით შეზღუდოს ანგარიში, რისთვისაც მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
3.6. მომხმარებლის ანგარიში განკუთვნილია მხოლოდ იმ ფიზიკური პირისათვის, რომლის სახელზეც იგი შეიქმნა. მომხმარებელს ეკრძალება საკუთარი ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემების სხვა პირისათვის გადაცემა ან ერთი ანგარიშით რამდენიმე პირის მიერ სარგებლობა. დამკვეთს უფლება აქვს პლატფორმაზე წვდომა მიანიჭოს თავის თანამშრომლებსა და სხვა უფლებამოსილ პირებს.
3.7. დამკვეთი პასუხისმგებელია თავისი მომხმარებლების მოქმედებებსა და წვდომის მონაცემების დაცვაზე. ანგარიშზე უნებართვო წვდომის, უფლებამოსილების დაკარგვის ან უნებართვო წვდომის აღმოჩენისას ან ამის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას შესაბამისი მხარე მეორე მხარეს ატყობინებს შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა.
მუხლი 4. დამკვეთის ვალდებულებები და გარანტიები
4.1. დამკვეთი ვალდებულია:
4.1.1. პლატფორმაზე ატვირთოს ან შეიყვანოს მხოლოდ ის პერსონალური მონაცემი, რომლის დამუშავებისთვისაც აქვს თანხმობა, ხელშეკრულება ან სხვა კანონიერი საფუძველი;
4.1.2. პლატფორმაში თანამშრომლის ან სხვა მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების შეტანამდე უზრუნველყოს ამ პირისთვის კანონით მოთხოვნილი კონფიდენციალურობის შეტყობინების მიწოდება მონაცემთა დამუშავებამდე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
4.1.3. არ ატვირთოს, არ შეიყვანოს და პლატფორმის მეშვეობით არ დაამუშაოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ბიომეტრიული, გენეტიკური, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების ან სქესობრივი ცხოვრების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ნასამართლობასთან, ბრალდებასთან, მსჯავრდებასთან, გამართლებასთან ან სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებული სხვა მონაცემები. ასეთი მონაცემების შემთხვევით ატვირთვის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მათი დამუშავება, წაშალოს მონაცემები და აცნობოს მიმწოდებელს. მიმწოდებელი უფლებამოსილია ასეთი მონაცემები დაბლოკოს ან წაშალოს;
4.1.4. უზრუნველყოს, რომ პროექტების შესახებ განთავსებული ფასი, ფართობი, ვადა, ნებართვები, ინფრასტრუქტურა, ვიზუალიზაცია და სხვა ინფორმაცია იყოს სწორი, სრული და არ არღვევდეს მესამე პირთა უფლებებს;
4.1.5. ჰქონდეს პლატფორმაზე განთავსებული პროექტებისა და მასალებისათვის საჭირო ყველა ნებართვა და ლიცენზია;
4.1.6. დამოუკიდებლად შეიტანოს პლატფორმაში მომსახურებით სარგებლობისათვის საჭირო მონაცემები და უზრუნველყოს მათი სიზუსტე, სისრულე და განახლება. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს მონაცემების პირველადი შეტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით, თუ აღნიშნული მომსახურება პირდაპირ არის გათვალისწინებული დანართ №1-ში;
4.1.7. თავის მყიდველებს გადასცეს მათი პირადი სივრცის „ჩემი სახლის“ წვდომა მიმწოდებლის მიერ მოწოდებული მოწვევის ან ბმულის სახით;
4.1.8. სატესტო რეჟიმის გამოყენებისას შეასრულოს დანართ №1-ით განსაზღვრული სატესტო ვალდებულებები.
4.2. დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ ან მისი უფლებამოსილი მომხმარებლების მიერ პლატფორმაში ატვირთული ან მიმწოდებლისათვის სხვაგვარად მიწოდებული მონაცემების, მასალების, ინსტრუქციებისა და პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის კანონიერებაზე, სიზუსტესა და სისრულეზე, აგრეთვე მათი გამოყენებისათვის აუცილებელი უფლებებისა და სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე. თუ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შედეგად მიმწოდებლის მიმართ მესამე პირი წარადგენს პრეტენზიას ან მოთხოვნას ან მიმწოდებელს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაეკისრება ჯარიმის, ზიანის ან სხვა თანხის გადახდა, დამკვეთი სრულად იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით.
მუხლი 5. გამოყენების შეზღუდვები
5.1. აკრძალულია პლატფორმის გამოყენება:
5.1.1. კანონმდებლობის დარღვევით ან უკანონო მიზნით;
5.1.2. მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების ან საქმიანი რეპუტაციის დარღვევით;
5.1.3. ცრუ, შეცდომაში შემყვანი ან არაზუსტი ინფორმაციის განსათავსებლად და გასავრცელებლად;
5.1.4. არასასურველი მასობრივი შეტყობინებების ან შესაბამისი თანხმობის გარეშე მარკეტინგული კომუნიკაციის გასაგზავნად;
5.1.5. არასათანადო პროგრამული კოდის, ვირუსის ან ავტომატიზებული შეტევის განსახორციელებლად;
5.1.6. პლატფორმის უკუინჟინერიის, დეკომპილაციის ან დაშლისთვის ან ხელოვნური ინტელექტის მოდელისა და სისტემური ინსტრუქციების ამოსაღებად, გარდა კანონით პირდაპირ დაშვებული შემთხვევებისა და მხოლოდ ასეთი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ფარგლებში;
5.1.7. ავტომატიზებული მასობრივი წვდომისთვის ავტომატიზებული პროგრამული საშუალებით მიმწოდებლის წერილობითი ნებართვის გარეშე;
5.1.8. ანგარიშის გასაზიარებლად, კვოტის, ზღვრის ან ტექნიკური შეზღუდვის გვერდის ასავლელად;
5.1.9. უკანონოდ მოპოვებული მონაცემთა ბაზის ასატვირთად ან მონაცემის კანონიერი საფუძვლის გარეშე დასამუშავებლად.
მუხლი 6. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების გამოყენება
6.1. აკრძალულია ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების გამოყენება:
6.1.1. კანდიდატის ავტომატური წინასწარი შეფასების ან დაქირავების გადაწყვეტილებისთვის;
6.1.2. თანამშრომლის შეფასების, დაწინაურების, ანაზღაურების ან გათავისუფლების ავტომატური გადაწყვეტილებისთვის;
6.1.3. კრედიტუნარიანობის ან გადახდისუნარიანობის ავტომატური შეფასებისთვის;
6.1.4. დაზღვევის, სესხის ან სხვა ფინანსური პროდუქტის ავტომატური უარისთვის;
6.1.5. ადამიანის რეალური მონაწილეობის გარეშე ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც პირისთვის სამართლებრივი ან სხვა არსებითი შედეგი აქვს;
6.1.6. დაცული ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული შერჩევის ან უარისთვის.
6.2. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციის მიერ შექმნილი შედეგი, ინფორმაცია ან რეკომენდაცია მხოლოდ დამხმარე ხასიათისაა და არ წარმოადგენს დადასტურებულ ფაქტს, პროფესიულ რჩევას ან საბოლოო გადაწყვეტილებას. ხელოვნური ინტელექტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება იყოს არაზუსტი, არასრული ან ფაქტობრივ გარემოებებს შეუსაბამო. შესაბამისად, დამკვეთი ვალდებულია მის გამოყენებამდე დამოუკიდებლად გადაამოწმოს ასეთი ინფორმაცია და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი შეფასებისა და პასუხისმგებლობის საფუძველზე.
6.3. თუ დამკვეთი იყენებს ზარის ჩაწერის ან მიმოწერის ავტომატური ანალიზის ფუნქციას, იგი ვალდებულია კანონით დადგენილი წესით, საუბრის დაწყებამდე ან მისი დაწყებისთანავე, წინასწარ აცნობოს კომუნიკაციის მონაწილეებს (მონაცემთა სუბიექტებს) ჩაწერის შესახებ. მიმწოდებელი უზრუნველყოფს მხოლოდ ტექნიკურ საშუალებას, არ განსაზღვრავს დამუშავების მიზნებსა და სამართლებრივ საფუძვლებს და არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული ვალდებულების დარღვევაზე.
მუხლი 7. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
7.1. მონაცემთა დამუშავების საგანია პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. დამუშავება მოიცავს მონაცემთა შეგროვებას, ჩაწერას, შენახვას, სტრუქტურირებას, ორგანიზებას, ჩვენებას, მოძიებას, ანალიზსა და დამკვეთის დავალებით გადაცემას. დამუშავების მიზანია დამკვეთისთვის წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევა, ხოლო დამუშავების ვადა მოიცავს ხელშეკრულების მოქმედების ვადას და მე-8 მუხლით განსაზღვრულ შემდგომ პერიოდს.
7.2. მონაცემთა სუბიექტების კატეგორიებია დამკვეთის პოტენციური მყიდველები, მყიდველები, კონტრაგენტები და დამკვეთის თანამშრომლები, რომლებიც პლატფორმით სარგებლობენ.
7.3. დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიებია: სახელი და გვარი; ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი და ფიზიკური მისამართი; შესყიდვის დეტალები და გადახდის გრაფიკი; მიმოწერა, ზარების ჟურნალი და შენიშვნები; ბიუჯეტი, სასურველი მდებარეობა და უძრავი ქონების პარამეტრები; თანამშრომელთა მოქმედებები სისტემაში.
7.4. მიმწოდებელი დამკვეთის მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ დამკვეთის დოკუმენტირებული ინსტრუქციით, რასაც თავად წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს. თუ კანონმდებლობა მიმწოდებელს მონაცემთა სხვაგვარ დამუშავებას მოსთხოვს, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს დამკვეთს, თუ მსგავსი შეტყობინება კანონით აკრძალული არ არის.
7.5. დამკვეთის მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებსა და სხვა უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც ასეთი წვდომა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ესაჭიროებათ და რომლებსაც წერილობით აქვთ ნაკისრი კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მათ შორის შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგაც.
7.6. მიმწოდებელი დამკვეთის მონაცემების დასაცავად იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს.
7.7. მიმწოდებელი უზრუნველყოფს, რომ დამკვეთის მონაცემები:
7.7.1. არ გახდება ხელმისაწვდომი სხვა დამკვეთისთვის, მათ შორის კონკურენტისთვის;
7.7.2. არ გაიყიდება, არ გაქირავდება და არ გადაეცემა მესამე პირს კომერციული მიზნით;
7.7.3. არ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელის გასაწვრთნელად, გარდა 9.4 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა;
7.7.4. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციის მუშაობის მიზნით არ გადაეცემა მესამე პირ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომსახურების მიმწოდებელს და არ გადაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა დამკვეთის წინასწარი წერილობითი ან ელექტრონული თანხმობისა და კანონით მოთხოვნილი დაცვის გარანტიების არსებობისა;
7.7.5. არ გახდება ხელოვნური ინტელექტის ფუნქციისთვის ხელმისაწვდომი მყიდველის პერსონალურ სივრცესა და მყიდველსა და დამკვეთს შორის მიმოწერაში.
7.8. მიმწოდებლის ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარმოადგენს მიმწოდებლის საკუთრებას და მუშაობს საქართველოში განთავსებულ, მიმწოდებლის მიერ კონტროლირებულ სერვერებზე.
7.9. მომსახურების სათანადოდ გასაწევად მიმწოდებელს უფლება აქვს, პერსონალური მონაცემების დამუშავების ცალკეული მოქმედებების შესასრულებლად ჩართოს სხვა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. დამკვეთი წინასწარ აცხადებს თანხმობას ასეთი პირის ჩართვაზე ამ მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით. ახალი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ჩართვამდე ან არსებული პირის ჩანაცვლებამდე მიმწოდებელი დამკვეთს არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე წერილობით აცნობებს აღნიშნული პირის დასახელებას, რეგისტრაციის ქვეყანას, მისთვის გადასაცემი მონაცემების კატეგორიებს, მონაცემთა დამუშავების მიზანსა და შესასრულებელი მომსახურების ხასიათს.
7.10. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების საჭიროებისას მიმწოდებელი დამკვეთს გონივრულ ფარგლებში აწვდის ტექნიკურ ინფორმაციას.
7.11. დამკვეთს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს ინფორმაცია მის მიერ დამკვეთის სახელით პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, მათ შორის:
ა) დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიების;
ბ) მონაცემთა სუბიექტების კატეგორიების;
გ) მონაცემთა დამუშავების მიზნების, სამართლებრივი საფუძვლებისა და განხორციელებული მოქმედებების;
დ) მონაცემთა შენახვის ადგილებისა და ვადების;
ე) მონაცემებზე წვდომის მქონე პირთა კატეგორიების;
ვ) მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების;
ზ) სხვა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების ჩართვის; და
თ) მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ.
7.11.1. მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია დამკვეთს მიაწოდოს სრულად, ზუსტად და გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, მოთხოვნის შინაარსისა და ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით.
7.11.2. დამკვეთს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, თავად ან დამოუკიდებელი აუდიტორის მეშვეობით შეამოწმოს მიმწოდებლის მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნათა შესრულება. აღნიშნული პერიოდული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ არსებობს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის, პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების ან ხელშეკრულების არსებითი დარღვევის დასაბუთებული ვარაუდი, ან თუ შემოწმება მოითხოვა უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანომ.
7.11.3. შემოწმება უნდა ჩატარდეს გონივრულ დროსა და მოცულობით, ისე, რომ არ შეფერხდეს მიმწოდებლის საქმიანობა და არ დაირღვეს სხვა დამკვეთების, მონაცემთა სუბიექტებისა და მესამე პირების კონფიდენციალურობა ან ინფორმაციული უსაფრთხოება.
7.12. დამკვეთის პერსონალური მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.
მუხლი 8. უსაფრთხოების ინციდენტი, მონაცემთა გატანა, შენახვა და წაშლა
8.1. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის აღმოჩენისას მიმწოდებელი დამკვეთს ატყობინებს დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს 24 საათისა.
8.2. შეტყობინება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლისთვის იმ დროისათვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მათ შორის:
ა) პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის ხასიათისა და გარემოებების აღწერას;
ბ) იმ მონაცემთა სუბიექტებისა და პერსონალური მონაცემების კატეგორიებსა და სავარაუდო რაოდენობას, რომლებსაც დარღვევა შეეხო;
გ) დარღვევით გამოწვეული ან მოსალოდნელი შედეგებისა და საფრთხეების აღწერას;
დ) დარღვევის აღმოსაფხვრელად, მისი შედეგების შესამცირებლად ან განმეორების თავიდან ასაცილებლად მიმწოდებლის მიერ მიღებული ან დაგეგმილი ღონისძიებების აღწერას; და
ე) დამატებითი ინფორმაციის მისაღებად განსაზღვრული საკონტაქტო პირის ვინაობასა და საკონტაქტო მონაცემებს.
8.2.1. თუ შეტყობინების გაგზავნის მომენტისთვის სრული ინფორმაციის ერთდროულად მიწოდება შეუძლებელია, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინებაში მიუთითოს, რომ ინფორმაცია არასრულია, განმარტოს ამის მიზეზი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, განსაზღვროს დარჩენილი ინფორმაციის მიწოდების სავარაუდო ვადა. მიმწოდებელი დამატებით ინფორმაციას დამკვეთს ეტაპობრივად, მისი მოპოვებისთანავე და გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე მიაწვდის.
8.3. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომპეტენტური ზედამხედველი ორგანოსა და მონაცემთა სუბიექტების ინფორმირებას უზრუნველყოფს დამკვეთი, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ხოლო მიმწოდებელი დამკვეთს აწვდის ამისთვის საჭირო ინფორმაციასა და გონივრულ დახმარებას.
8.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი მოქმედებები
8.4.1. ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს შეწყვეტის შესახებ წერილობით აცნობოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი და მისი მოქმედების შეწყვეტის ზუსტი თარიღი.
8.4.2. ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში პლატფორმა დამკვეთისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ წაკითხვის რეჟიმში. დამკვეთს უფლება აქვს ნახოს და ჩამოტვირთოს მონაცემები, თუმცა ვერ შეძლებს ახალი მონაცემების დამატებას, არსებული მონაცემების შეცვლას ან პლატფორმის მეშვეობით სხვა აქტიური მოქმედებების შესრულებას.
8.4.3. დამკვეთისათვის მხოლოდ წაკითხვის რეჟიმით სარგებლობის ვადის დასრულების შემდეგ მიმწოდებელი წაშლის დამკვეთის მონაცემებს მოქმედი საინფორმაციო სისტემიდან და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შენახვაც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად.
8.4.4. დამკვეთი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 8.4.2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ჩამოტვირთოს და უსაფრთხოდ შეინახოს მისთვის საჭირო მონაცემები და დოკუმენტები. შესაბამისი ვადის გასვლისა და მონაცემების წაშლის შემდეგ მიმწოდებელი არ არის ვალდებული აღადგინოს ან ხელახლა მიაწოდოს დამკვეთს წაშლილი მონაცემები.
8.5. დამკვეთი ეთანხმება, რომ მხოლოდ წაკითხვის რეჟიმის მოქმედების პერიოდში დამკვეთის მყიდველები ინარჩუნებენ საკუთარ დოკუმენტებზე წვდომასა და მათი ჩამოტვირთვის შესაძლებლობას.
8.6. მიმწოდებელს უფლება აქვს, მონაცემების წაშლამდე განახორციელოს მათი დეპერსონალიზაცია და შემდგომ შეინახოს მხოლოდ დეპერსონალიზებული ან/და აგრეგირებული ინფორმაცია, თუ შეუძლებელია ამ ინფორმაციის კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან ან დამკვეთთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან დროს საჭიროებს.
8.7. მიმწოდებელს უფლება აქვს დეპერსონალიზებული და აგრეგირებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ სტატისტიკური ანალიზის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პლატფორმის ფუნქციონირების საერთო მაჩვენებლების შეფასების მიზნით. ასეთი ინფორმაცია არ უნდა გამოიყენებოდეს კონკრეტული მონაცემთა სუბიექტის ან დამკვეთის იდენტიფიცირების, პროფაილინგის, ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების ან სხვა დამოუკიდებელი მიზნით.
მუხლი 9. ინტელექტუალური საკუთრება
9.1. პლატფორმა და მასთან დაკავშირებული პროგრამული კოდი, მათ შორის საწყისი და ობიექტური კოდი, მონაცემთა ბაზის სტრუქტურა და სქემა, ტექნიკური და მომხმარებლის დოკუმენტაცია, პროგრამული ინტერფეისი და მისი სპეციფიკაცია, არქიტექტურა, ალგორითმები, სამუშაო პროცესები, ხელოვნური ინტელექტის მოდელი და სისტემური ინსტრუქციები, მომხმარებლის ინტერფეისი და გამოყენების გამოცდილება, ვიზუალური დიზაინი, გაუმჯობესებები, სასაქონლო დასახელება და ნიშნები, კანონით მათი დაცვის შესაძლებლობის ფარგლებში, წარმოადგენს მიმწოდებლის ინტელექტუალურ საკუთრებას და მასზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მიმწოდებელს.
9.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადით დამკვეთს ენიჭება პლატფორმის გამოყენების უფლება, რომელიც არ მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების გადაცემის უფლებას.
9.3. დამკვეთის პროექტები, ტექსტები, ფოტოები, ვიდეოები და სხვა მასალა წარმოადგენს დამკვეთის ან შესაბამისი უფლებამფლობელის საკუთრებას. დამკვეთი მიმწოდებელს ანიჭებს ამ მასალის გამოყენების არაექსკლუზიურ უფლებას მხოლოდ მომსახურების გაწევის, პლატფორმაზე მისი ჩვენების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დამკვეთის დოკუმენტირებული ინსტრუქციების შესრულების მიზნით.
9.4. მიმწოდებელი არ იყენებს დამკვეთის მონაცემებს, მასალებს ან მათ საფუძველზე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მიღებულ შედეგებს ხელოვნური ინტელექტის მოდელის სწავლების, დამატებითი წვრთნის ან მესამე პირებისთვის განკუთვნილი მოდელების გაუმჯობესების მიზნით, დამკვეთის წინასწარი, პირდაპირი წერილობითი ან ელექტრონული თანხმობის გარეშე. დამკვეთის მონაცემებზე დაყრდნობით ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტექსტზე (მათ შორის, შეჯამებაზე, აღწერასა და პასუხის პროექტზე) მიმწოდებელს არ გააჩნია უფლება.
მუხლი 10. კონფიდენციალურობა და მარკეტინგული გამოყენება
10.1. თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია, არ გაამჟღავნოს იგი მესამე პირისთვის და არ გამოიყენოს ხელშეკრულების შესრულების გარდა სხვა მიზნით ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
10.2. კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევა, მათ შორის, პროგრამული კოდი, ალგორითმი, ხელოვნური ინტელექტის მოდელი, არქიტექტურა, ტექნიკური გადაწყვეტა, უსაფრთხოების მექანიზმი, პროდუქტის განვითარების გეგმა, ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგია და სხვა ინფორმაცია, რომელსაც აქვს ფაქტობრივი ან პოტენციური კომერციული ღირებულება მისი მესამე პირებისთვის არ გამჟღავნების/არ გასაჯაროვების გამო და რომლის კონფიდენციალურობის დასაცავად უფლებამოსილი პირი იღებს გონივრულ ზომებს.
10.3. კომერციული საიდუმლოება დაცულია მხარეების მიერ უვადოდ.
10.4. კონფიდენციალურია ტარიფი და ფასი, ფასდაკლება და სპეციალური პირობები, აგრეთვე მიმწოდებლის განვითარების გეგმა და ვადები, რომლებიც დამკვეთისთვის მოლაპარაკებისას გახდა ცნობილი.
10.5. დამკვეთის სახელის, ლოგოტიპის, მონაცემების ან სტატისტიკური მაჩვენებლების მიმწოდებლის მასალებში, მათ შორის საქმიანობის პრაქტიკული აღწერის ან სარეკომენდაციო მითითების სახით, გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დამკვეთის წინასწარი წერილობითი თანხმობითა და გამოსაქვეყნებელი ტექსტის წინასწარი შეთანხმებით.
10.6. მხარეებს შეუძლიათ ნებაყოფლობით შეთანხმდნენ დამკვეთის ვებგვერდზე ბმულის, სოციალურ ქსელში ჩანაწერის, სარეკლამო გამოსახულების ან ერთობლივი საქმიანობის პრაქტიკული აღწერის შესახებ.
10.7. კონფიდენციალურობის ვალდებულება არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომელიც:
ა) ხელშეკრულების დარღვევის გარეშე საჯაროდ ხელმისაწვდომია;
ბ) მიმღებმა მხარემ კანონიერად მიიღო მესამე პირისგან კონფიდენციალურობის ვალდებულების დარღვევის გარეშე;
გ) მიმღებმა მხარემ დამოუკიდებლად შექმნა კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების გარეშე; ან
დ) უნდა გამჟღავნდეს კანონის, სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანოს სავალდებულო მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 11. ფასი, ანგარიშსწორება და წვდომის შეჩერება
11.1. ტარიფი, ფასი, ვალუტა, ანგარიშსწორების ციკლი, ანგარიშსწორების დაწყების თარიღი და გადახდის ვადა განისაზღვრება დანართ №1-ით ან ამ ხელშეკრულების შესაბამისად დადასტურებული მოქმედი ელექტრონული კომერციული პირობებით.
11.2. ფასი მითითებულია დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე. თუ კანონმდებლობის შესაბამისად მომსახურება ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, ფასს დაემატება დღგ კანონით დადგენილი განაკვეთით.
11.3. ანგარიში გამოიწერება დანართ №1-ით განსაზღვრული გრაფიკით.
11.4. გადახდის ვადის 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, წერილობითი გაფრთხილების გაგზავნიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ შეაჩეროს დამკვეთის წვდომა. შეჩერება არ იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას და არ აუქმებს დამკვეთის გადახდის ვალდებულებას. შეჩერების პერიოდში მონაცემები ინახება ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
11.5. მიმწოდებელს არ აქვს უფლება, ხელშეკრულების ან შესაბამისი საანგარიშსწორებო პერიოდის მოქმედების განმავლობაში ცალმხრივად გაზარდოს დამკვეთისთვის მოქმედი ტარიფი, მომსახურების საფასური ან შეცვალოს ანგარიშსწორების წესი დამკვეთის საზიანოდ.
11.6. მოქმედი ტარიფის ან მომსახურების საფასურის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს წერილობით ან დამკვეთის ადმინისტრატორის მიერ პლატფორმაზე ელექტრონული ფორმით ცალსახად დადასტურების გზით, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტრონული დადასტურების წესის შესაბამისად.
მუხლი 12. დარღვევის შედეგები
12.1. თუ დამკვეთი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მიმწოდებელი უფლებამოსილია წერილობით მოსთხოვოს მას დარღვევის აღმოფხვრა. დარღვევის აღმოსაფხვრელად დამკვეთს განესაზღვრება გონივრული ვადა.
12.2. დარღვევის აღმოსაფხვრელად დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის, თუ:
ა) დამკვეთმა ცალსახად განაცხადა უარი შესაბამისი ვალდებულების შესრულებაზე;
ბ) დარღვევის გამოსწორება ობიექტურად შეუძლებელია;
გ) ვალდებულების დროულად შესრულებას, ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და დაგვიანებული შესრულების შედეგად მიმწოდებელმა დაკარგა ხელშეკრულების შესრულების მიმართ გონივრული ინტერესი;
დ) დარღვევა ქმნის პლატფორმის, მონაცემების, მიმწოდებლის, სხვა დამკვეთის, მომხმარებლის ან მესამე პირის უფლებების ან კანონიერი ინტერესების დაზიანების რეალურ და უშუალო საფრთხეს;
ე) პლატფორმაზე წვდომის ან შესაბამისი ფუნქციის დაუყოვნებლივ შეზღუდვა აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლოს გადაწყვეტილების ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სავალდებულო მოთხოვნის შესასრულებლად.
12.3. დარღვევის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში მიმწოდებელს უფლება აქვს შეზღუდოს მხოლოდ ის ანგარიში, ფუნქცია, მოდული ან წვდომა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება დარღვევას, თუ ასეთი შეზღუდვა აუცილებელია დარღვევის გაგრძელების, ზიანის გაზრდის ან სხვა პირთა უფლებების შელახვის თავიდან ასაცილებლად. შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეს და არ უნდა გასცდეს შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ფარგლებს.
12.4. მიმწოდებელს უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესაბამისი ანგარიში, ფუნქცია ან პლატფორმაზე წვდომა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) გამოვლენილია პლატფორმაზე უნებართვო წვდომა, ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემების უკანონო გამოყენება ან ინფორმაციული უსაფრთხოების სხვა რეალური საფრთხე;
ბ) დამკვეთის ან მისი მომხმარებლის მოქმედება აფერხებს პლატფორმის ფუნქციონირებას, აზიანებს მის უსაფრთხოებას ან არსებითად ზღუდავს სხვა დამკვეთების მიერ მომსახურებით სარგებლობას;
გ) პლატფორმაზე განთავსებული მონაცემი ან მასალა აშკარად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან მესამე პირის უფლებებს;
დ) დამკვეთი პლატფორმას იყენებს ხელშეკრულებით პირდაპირ აკრძალული მიზნით და ასეთი გამოყენების გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი;
ე) შეჩერება აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ვალდებულების ან უფლებამოსილი ორგანოს სავალდებულო მოთხოვნის შესასრულებლად.
12.5. წვდომის შეზღუდვა ან შეჩერება გრძელდება მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე. დამკვეთის მიერ დარღვევის აღმოფხვრისა და მიმწოდებლის მიერ ფაქტის გადამოწმების შემდეგ წვდომა აღდგება არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში, თუ ტექნიკური გარემოებები, უსაფრთხოების რისკები ან კანონმდებლობა სხვა ვადას არ მოითხოვს.
მუხლი 13. მხარეთა პასუხისმგებლობა
13.1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
ა) მომსახურების ხელშეკრულებითა და დანართ №1-ით განსაზღვრული მოცულობითა და პირობებით მომსახურების გაწევაზე;
ბ) პლატფორმის ფუნქციონირებისათვის გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღებაზე;
გ) დამკვეთის მონაცემების დამუშავებაზე მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნითა და მომსახურების გასაწევად;
დ) დამკვეთის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
ე) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამკვეთისთვის მიყენებულ უშუალო, დადასტურებულ ზიანზე.
13.2. მიმწოდებლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დამკვეთმა უნდა დაადასტუროს მიმწოდებლის მიერ კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, ფაქტობრივად დამდგარი ზიანი და დარღვევასა და ზიანს შორის უშუალო მიზეზობრივი კავშირი.
13.3. მიმწოდებელი პასუხისმგებელი არ არის:
ა) დამკვეთის ან მისი მომხმარებლის მიერ პლატფორმაში შეტანილი მონაცემების, მასალების, მითითებებისა და სხვა ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულესა და კანონიერებაზე;
ბ) დამკვეთის ან მისი მომხმარებლის მოქმედებით, უმოქმედობით, შეცდომით ან ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეულ შედეგზე;
გ) მომხმარებლის ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემების გაზიარებით, დაკარგვით ან უნებართვო გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე, თუ აღნიშნული გარემოება მიმწოდებლის ბრალით არ წარმოშობილა;
დ) პლატფორმის დანიშნულების, გამოყენების წესის, ტექნიკური მითითების ან ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვის საწინააღმდეგოდ გამოყენებით გამოწვეულ შედეგზე;
ე) დამკვეთის ტექნიკური მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ინტერნეტკავშირის ან სხვა ტექნიკური გარემოს გაუმართაობით გამოწვეულ შეფერხებაზე ან ზიანზე;
ვ) მესამე პირის მომსახურების, ქსელის, პროგრამული უზრუნველყოფის ან ტექნიკური ინტეგრაციის შეფერხებით, ცვლილებით ან შეწყვეტით გამოწვეულ შედეგზე, თუ მიმწოდებელს შესაბამის გარემოებაზე კონტროლი არ ჰქონდა და მან მესამე პირის შერჩევისა და შეფერხებაზე რეაგირებისას გონივრული წინდახედულება გამოიჩინა;
ზ) დამკვეთის ან მესამე პირის მიერ პლატფორმაში მიმწოდებლის წერილობითი თანხმობის გარეშე შეტანილი ცვლილებით გამოწვეულ შედეგზე;
თ) ხელოვნური ინტელექტის ფუნქციის მიერ შექმნილი ინფორმაციის, შედეგის ან რეკომენდაციის საფუძველზე დამკვეთის ან მისი მომხმარებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ან განხორციელებულ მოქმედებაზე;
ი) მომსახურების იმ შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია დაგეგმილი ტექნიკური მომსახურებით, გადაუდებელი უსაფრთხოების ღონისძიებით ან დაუძლეველი ძალით;
კ) მიუღებელ შემოსავალზე ან მოგებაზე, საქმიანი შესაძლებლობის, მომხმარებლის, გარიგების, საბაზრო წილის ან საქმიანი რეპუტაციის დაკარგვაზე, აგრეთვე არაპირდაპირ ან შემდგომ წარმოშობილ ზიანზე.
13.4. „სატესტო“, „წინასაჯარო“ და „წინასაჯარო პლუსი“ პაკეტებით მომსახურება მიეწოდება წინასაჯარო გამოცდისა და განვითარების რეჟიმში, მომსახურების დონის გარანტიის გარეშე, თუ შესაბამის კომერციულ პირობებში წერილობით პირდაპირ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
13.5. წინამდებარე ხელშეკრულების 13.4 პუნქტით განსაზღვრულ პაკეტებზე პლატფორმის სრული ან ნაწილობრივი გათიშვა, ფუნქციის დროებითი მიუწვდომლობა, მონაცემთა დამუშავების დაყოვნება ან ტექნიკური შეფერხება თავისთავად არ წარმოშობს მომსახურების საფასურის დაბრუნების, სამომავლო მომსახურების საფასურში ჩათვლის, კომპენსაციის ან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
13.6. წინამდებარე ხელშეკრულების 13.5 პუნქტი ასევე ვრცელდება შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის, კონტენტის მიწოდების ქსელის, ჰოსტინგის, ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ან სხვა ტექნიკური მიმწოდებლის მოქმედებით ან უმოქმედობით, კიბერშეტევით, გადაუდებელი უსაფრთხოების ღონისძიებით ან მიმწოდებლის გონივრული კონტროლის მიღმა არსებული სხვა გარემოებით.
13.7. მომსახურების საფასურის დაბრუნება ან სამომავლო მომსახურების საფასურში ჩათვლა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული შესაბამისი პაკეტის წერილობითი კომერციული პირობებით ან მხარეთა ცალკე შეთანხმებით.
13.8. მიმწოდებლის ყველა სახის სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ერთობლივი მაქსიმალური ოდენობა, ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე მოთხოვნის საფუძველზე, არ უნდა აღემატებოდეს ჯამში დამკვეთის მიერ გადახდილ 12 თვის მომსახურების ღირებულებას.
13.9. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების პერიოდი 12 თვეზე ნაკლებია, 13.8 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების დაწყებიდან ფაქტობრივად გადახდილ ჯამურ საფასურს.
13.10. უფასო „სატესტო“ პაკეტთან დაკავშირებული მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ერთობლივი მაქსიმალური ოდენობა, მოთხოვნების რაოდენობისა და მათი სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად, არ უნდა აღემატებოდეს 100 (ასი) ლარს სატესტო პაკეტით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
13.11. დამკვეთი პასუხისმგებელია:
ა) მომსახურების საფასურისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელი თანხების სრულად და დადგენილ ვადაში გადახდაზე;
ბ) პლატფორმაში მის მიერ ან მისი მომხმარებლების მიერ შეტანილი მონაცემების, მასალების, მითითებებისა და სხვა ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულესა და კანონიერებაზე;
გ) პერსონალური მონაცემების პლატფორმაში შეტანისა და მიმწოდებლისთვის დამუშავების დავალების მიცემის სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე;
დ) მის მიერ ატვირთული ან სხვაგვარად მიწოდებული მასალის გამოყენებისათვის აუცილებელი უფლებების, ნებართვებისა და თანხმობების არსებობაზე;
ე) დამკვეთის მომხმარებლების მოქმედებასა და უმოქმედობაზე, მათ შორის მათ მიერ ხელშეკრულების, პლატფორმით სარგებლობის წესისა და წვდომის შეზღუდვების დაცვაზე;
ვ) მომხმარებლის ანგარიშების შექმნაზე, მათთვის შესაბამისი წვდომის უფლებების მინიჭებაზე, შეცვლასა და დროულად გაუქმებაზე;
ზ) მომხმარებლის ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვაზე და მათი უნებართვო გამოყენების შესახებ მიმწოდებლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებაზე;
თ) პლატფორმის გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაციის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციის მიერ შექმნილი შედეგისა და რეკომენდაციის დამოუკიდებლად გადამოწმებაზე;
ი) პლატფორმის გამოყენებისას საქართველოს კანონმდებლობის, მესამე პირთა უფლებებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების დაცვაზე;
კ) დამკვეთის მიერ მიმწოდებლისთვის მიწოდებული არაზუსტი, არასრული, უკანონო ან დაგვიანებული მითითებით გამოწვეულ შედეგზე.
13.12. დამკვეთი ვალდებულია მიმწოდებელს აუნაზღაუროს დამკვეთის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი.
13.13. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს მისი არამართლზომიერი ქმედებით ან/და უმოქმედებობით გამოწვეული ზიანი.
მუხლი 14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
14.1. ხელშეკრულება ძალაში შედის დამკვეთის უფლებამოსილი პირის მიერ მისი მე-16 მუხლით დადგენილი წესით ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
14.2. მომსახურების საფასურის დარიცხვა იწყება დანართ №1-ში ან/და მოქმედ კომერციულ პირობებში მითითებული თარიღიდან და ხორციელდება ყოველთვიური საანგარიშსწორებო პერიოდების მიხედვით.
14.3. ხელშეკრულებით სარგებლობის სავალდებულო მინიმალური ვადა არ არის განსაზღვრული.
14.4. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, კონკრეტული საფუძვლის მითითების გარეშე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება 1 (ერთი) თვით ადრე შეტყობინების გზით.
14.5. თითოეულ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მეორე მხარე არსებითად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და დარღვევას არ აღმოფხვრის წერილობით მოთხოვნაში განსაზღვრულ დამატებით ვადაში. დამკვეთის მიერ ვალდებულების დარღვევისა და მისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრის მიმართ გამოიყენება ამ ხელშეკრულების მე-12 მუხლი.
14.6. მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია მიმწოდებელს წერილობით განუსაზღვროს დარღვევის აღმოსაფხვრელად არანაკლებ 30 კალენდარული დღე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე მისი გამოსწორება შეუძლებელია ან დამატებითი ვადის განსაზღვრას შედეგი აშკარად არ მოჰყვება.
14.7. მიმწოდებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ დამკვეთის მიერ მომსახურების საფასურის ან სხვა გადასახდელი თანხის გადახდის ვადის დარღვევა 60 კალენდარულ დღეს აღემატება. მიმწოდებელი ხელშეკრულების შეწყვეტამდე დამკვეთს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელშიც უთითებს დავალიანების ოდენობასა და ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღს. ხელშეკრულების შეწყვეტა დამკვეთს არ ათავისუფლებს შეწყვეტის თარიღამდე წარმოშობილი დავალიანების, დარიცხული პირგასამტეხლოსა და სხვა გადასახდელი თანხების გადახდის ვალდებულებისგან.
14.8. მხარეს უფლება აქვს, დამატებითი ვადის დაუწესებლად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ:
ა) მეორე მხარე ცალსახად აცხადებს უარს ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე;
ბ) დარღვევის გამოსწორება ობიექტურად შეუძლებელია;
გ) მეორე მხარის მოქმედება ქმნის პლატფორმის, მონაცემების, ინფორმაციული უსაფრთხოების ან მესამე პირთა უფლებებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის რეალურ და უშუალო საფრთხეს;
დ) მეორე მხარე ხელშეკრულებას იყენებს მართლსაწინააღმდეგო ან ხელშეკრულებით პირდაპირ აკრძალული მიზნით;
ე) ხელშეკრულების გაგრძელება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლოს გადაწყვეტილების ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სავალდებულო მოთხოვნის დარღვევას.
14.9. მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მეორე მხარის მიმართ მიღებულია ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, იგი წყვეტს სამეწარმეო საქმიანობას ან მისი ქონებრივი მდგომარეობის გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულებების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი ხდება.
14.10. ხელშეკრულების შეწყვეტა არ აუქმებს შეწყვეტის თარიღამდე წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებს, მათ შორის:
ა) გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას;
ბ) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
გ) კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებებს;
დ) ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პირობებს;
ე) პასუხისმგებლობის შეზღუდვისა და დავის გადაწყვეტის შესახებ პირობებს;
ვ) სხვა პირობებს, რომლებიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც უნდა მოქმედებდეს.
14.11. თუ ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მიერ 14.4 პუნქტის საფუძველზე ან დამკვეთის მიერ მიმწოდებლის მხრიდან არსებითი დარღვევის გამო, მიმწოდებელი დამკვეთს პროპორციულად დაუბრუნებს გამოუყენებელ თანხას.
14.12. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამკვეთის მონაცემების გადაცემის, პლატფორმაზე დროებითი წვდომის შენარჩუნების, მონაცემების წაშლისა და დეპერსონალიზებული ინფორმაციის შენახვის წესი განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-8 მუხლით.
14.13. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იგზავნება ამ ხელშეკრულების მე-16 მუხლით განსაზღვრული ფორმით. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი და შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღი. საფუძვლის მითითება სავალდებულო არ არის, თუ ხელშეკრულება წყდება 14.4 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 15. ფორს-მაჟორული გარემოება
15.1. მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ეს უშუალოდ გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებით.
15.2. დაუძლეველ ძალად მიიჩნევა მხარის გონივრული კონტროლის მიღმა არსებული გარემოება, რომლის დროსაც მხარეს არ შეეძლო გონივრულად გაეთვალისწინებინა, თავიდან აეცილებინა ან სათანადო ზომების მიღების მიუხედავად დაეძლია, მათ შორის:
ა) მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, სტიქიური უბედურება ან სხვა მასშტაბური ბუნებრივი მოვლენა;
ბ) ომი, საომარი მოქმედება, ტერორისტული აქტი, მასობრივი არეულობა ან საგანგებო მდგომარეობა;
გ) ეპიდემია, პანდემია ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაწესებული სავალდებულო შეზღუდვა;
დ) სახელმწიფო ორგანოს ისეთი სავალდებულო აქტი ან გადაწყვეტილება, რომელიც უშუალოდ აფერხებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას;
ე) ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი ელექტროენერგიის, ელექტრონული კომუნიკაციის ან ინტერნეტქსელის გათიშვა, რომლის თავიდან აცილება ან ჩანაცვლება მხარეს გონივრული ტექნიკური საშუალებით არ შეეძლო;
ვ) ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, თუ შესაბამისმა მხარემ წინასწარ მიიღო ხელშეკრულებით, კანონმდებლობითა და საქმიანობის ხასიათით მოთხოვნილი უსაფრთხოების სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები.
15.3. დაუძლეველ ძალად არ მიიჩნევა:
ა) მხარის ფინანსური სახსრების ნაკლებობა, გადახდისუუნარობა ან ფინანსური მდგომარეობის გაუარესება;
ბ) საბაზრო ფასის, ვალუტის კურსის ან მომსახურების გაწევის ხარჯის ცვლილება;
გ) მხარის თანამშრომლის, დამხმარე პირის ან მის მიერ ჩართული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა უშუალოდ დაუძლეველი ძალით არის გამოწვეული და მისი ჩანაცვლება გონივრულად შეუძლებელი იყო;
დ) ტექნიკური გაუმართაობა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო სათანადო მოვლით, განახლებით, სარეზერვო სისტემით ან უსაფრთხოების გონივრული ზომების მიღებით;
ე) გარემოება, რომელიც მხარის ბრალეული მოქმედებით ან უმოქმედობით წარმოიშვა ან რომლის შედეგების გაზრდასაც მხარემ ხელი შეუწყო;
ვ) გარემოება, რომელიც ხელშეკრულების დადების დროს მხარისთვის ცნობილი იყო ან გონივრულად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
15.4. მხარე, რომელიც დაუძლეველი ძალის არსებობაზე მიუთითებს, ვალდებულია მეორე მხარეს ამის შესახებ წერილობით აცნობოს შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა იმ მომენტიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო შესაბამისი გარემოების არსებობა.
15.5. მოთხოვნის შემთხვევაში მხარე ვალდებულია მეორე მხარეს წარუდგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დაუძლეველი ძალის არსებობას, ხანგრძლივობასა და ვალდებულების შესრულებაზე მის უშუალო გავლენას.
15.6. დაუძლეველი ძალის მოქმედების განმავლობაში:
ა) შეჩერდება მხოლოდ იმ ვალდებულების შესრულება, რომლის შესრულებაც შესაბამისმა გარემოებამ უშუალოდ შეაფერხა ან შეუძლებელი გახადა;
ბ) შესაბამისი ვალდებულების შესრულების ვადა გადაიწევს დაუძლეველი ძალის მოქმედებისა და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად ობიექტურად აუცილებელი პერიოდის ხანგრძლივობით;
გ) მხარეს არ დაეკისრება პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურება ან სხვა პასუხისმგებლობა შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის;
დ) დაუძლეველი ძალა არ ათავისუფლებს დამკვეთს იმ მომსახურების საფასურის გადახდისგან, რომელიც დაუძლეველი ძალის წარმოშობამდე სათანადოდ იქნა გაწეული.
15.7. თუ დაუძლეველი ძალა უწყვეტად გრძელდება 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და არსებითად აფერხებს მომსახურების გაწევას ან ხელშეკრულების ძირითადი მიზნის მიღწევას, თითოეულ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. აღნიშნული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა არ წარმოშობს ჯარიმის ან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. მხარეები ვალდებული არიან შეწყვეტის თარიღამდე შესრულებული ვალდებულებების მიხედვით მოახდინონ საბოლოო ანგარიშსწორება. მიმწოდებელი დამკვეთს პროპორციულად დაუბრუნებს შეწყვეტის თარიღის შემდგომ პერიოდზე წინასწარ გადახდილ და გამოუყენებელ მომსახურების საფასურს ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
მუხლი 16. დასკვნითი დებულებები
16.1. წინამდებარე ხელშეკრულება, მისი დანართები, კომერციული პირობები და მათში შეტანილი ცვლილებები შეიძლება დაიდოს და დადასტურდეს ელექტრონული ფორმით.
16.2. პლატფორმაზე ხელშეკრულების მიღება ხორციელდება დამკვეთის უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულებისა და მისი დანართების გაცნობის შესაძლებლობის მიღების შემდეგ, თანხმობის მოსანიშნი ველის აქტიურად მონიშვნითა და დადასტურების ღილაკზე დაჭერით. თანხმობის ველი წინასწარ მონიშნული არ არის. დანართების, კომერციული პირობებისა და მათი ცვლილებების ელექტრონული დადასტურება ასევე შეიძლება განხორციელდეს ერთჯერადი კოდის გამოყენებით ან სხვა მკაფიო ელექტრონული მოქმედებით, რომელიც გამოხატავს შესაბამის პირობებზე თანხმობას, ამ პირობების პლატფორმაში ან ელექტრონული ფოსტით მიწოდების შემდეგ.
16.3. ელექტრონული დადასტურება მხარეთა შეთანხმებით უთანაბრდება წერილობით ფორმას და სავალდებულოა მხარეებისთვის, თუ შესაძლებელია დადასტურების განმახორციელებელი პირის, დადასტურებული დოკუმენტის ვერსიის, თარიღისა და დროის იდენტიფიცირება და ჩანაწერის შემდგომი აღდგენა.
16.4. მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენება ხელშეკრულების, მისი დანართის ან ცვლილების ნამდვილობისათვის სავალდებულო არ არის, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
16.5. არცერთ მხარეს არ აქვს პირობების ცალმხრივად შეცვლის უფლება, გარდა ამ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
16.6. ახალი მომხმარებლის დამატება ან გაუქმება, მომხმარებელთა, პროექტების ან სხვა მოცულობრივი ზღვრის, მოდულის ან პაკეტის ცვლილება ხორციელდება დამკვეთის ადმინისტრატორის მიერ პლატფორმაში მიმწოდებლის მიერ მიწოდებული/განსაზღვრული პირობების ელექტრონული ფორმით დადასტურებითა და მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ცვლილების გააქტიურებით.
16.7. დამკვეთი ადასტურებს, რომ მის მიერ პლატფორმაში ადმინისტრატორის როლით დაშვებული ან ელექტრონული დადასტურებისთვის წარდგენილი პირი უფლებამოსილია დამკვეთის სახელით დადოს და დაადასტუროს ხელშეკრულება, მისი დანართები, კომერციული პირობები და ამ მუხლით განსაზღვრული ცვლილებები.
16.8. საწყისი ანგარიშის გააქტიურებამდე ან ნებისმიერი დადასტურების ძალაში შესვლამდე მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ პირის ვინაობის, თანამდებობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სანდო ინფორმაცია და მის სრულად მიღებამდე და გადამოწმებამდე შეაჩეროს ანგარიშის გააქტიურება ან შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
16.9. დამკვეთი ვალდებულია ადმინისტრატორის ან სხვა უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შეცვლა ან გაუქმება დაუყოვნებლივ ასახოს პლატფორმაში და წერილობით აცნობოს მიმწოდებელს.
16.10. უფლებამოსილების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიმწოდებლის მიერ მიღებამდე შესაბამისი ანგარიშიდან შესრულებული მოქმედება დამკვეთისთვის სავალდებულოა, გარდა შემთხვევისა, როდესაც მიმწოდებელმა იცოდა ან აშკარა გარემოებებიდან უნდა სცოდნოდა ანგარიშის უნებართვო გამოყენების შესახებ.
16.11. ელექტრონული დადასტურების მტკიცებულების სახით მიმწოდებელი ინახავს დამადასტურებელი პირის ვინაობასა და როლს, დამკვეთის იურიდიულ დასახელებასა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, დადასტურებამდე და დადასტურების შემდეგ მოქმედ პირობებს, დოკუმენტის ან შეთავაზების ვერსიას, თარიღსა და დროს, ინტერნეტპროტოკოლის მისამართს, სესიის იდენტიფიკატორსა და დადასტურების ტექსტს.
16.12. დადასტურებული პირობებისა და დადასტურების ჩანაწერის ასლი დამკვეთს ეგზავნება მის მიერ მითითებულ ელფოსტის მისამართზე ან ხელმისაწვდომი ხდება პლატფორმაში ჩამოტვირთვადი ფორმით.
16.13. მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების მესამე პირისთვის გადაცემა შეუძლია მხოლოდ მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
16.14. შეტყობინება იგზავნება წერილობით, შესაბამისი მხარის მიერ მომსახურებასთან დაკავშირებით მითითებულ საკონტაქტო ელფოსტის მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს, თუ გამგზავნს არ მიუღია შეტყობინება ელფოსტის ჩაუბარებლობის შესახებ. მიმწოდებლის საკონტაქტო ელფოსტაა: info@archyzen.com.
16.15. წინამდებარე ხელშეკრულება, მისი დანართები და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ბოლოს დადასტურებული კომერციული პირობები ერთობლივად ცვლის მხარეთა ყველა წინარე ზეპირ ან წერილობით შეთანხმებასა და მიმოწერას იმავე საგანთან დაკავშირებით.
16.16. ხელშეკრულების რომელიმე პირობის ბათილობა არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას.
16.17. ელექტრონული დადასტურების მომენტში ფიქსირდება დამკვეთის იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, დამადასტურებელი პირის ვინაობა და როლი, თარიღი და დრო, ინტერნეტპროტოკოლის მისამართი, გამოყენებული ბრაუზერისა და მოწყობილობის მონაცემები, სესიის იდენტიფიკატორი, დადასტურების ტექსტი, თითოეული დოკუმენტის ვერსია და შესაბამისი დოკუმენტის ტექსტის კრიპტოგრაფიული საკონტროლო ანაბეჭდი.
16.18. დამკვეთს მის მიერ მითითებულ ელფოსტის მისამართზე ეგზავნება მის მიერ მიღებული პირობების ამსახველი დოკუმენტები და დადასტურების ჩანაწერი პორტატული დოკუმენტის ან სხვა ჩამოტვირთვადი ფორმატით.
16.19. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტსა და განხორციელებულ ელექტრონულ დადასტურებას მათ შორის ურთიერთობაში აქვს მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
16.20. მხარეები არ უარყოფენ ასეთი დოკუმენტის ან დადასტურების დასაშვებობასა და მტკიცებულებით ძალას მხოლოდ მისი ელექტრონული ფორმის ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის არქონის გამო.
მუხლი 17. გამოსაყენებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა
17.1. ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
17.2. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები თავდაპირველად შეეცდებიან მის მოგვარებას მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები წერილობითი პრეტენზიის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
დანართი №1
ArchyZen-ის კომერციული პირობები
1. პაკეტი და მომსახურების პერიოდი
არჩეული პაკეტი: [არჩეული პაკეტი]
მომსახურების პერიოდი: [მომსახურების პერიოდი]
მოქმედი ტარიფი: [მოქმედი ტარიფი]
სატესტო, წინასაჯარო და წინასაჯარო პლუსი წინასაჯარო პერიოდის სამი ალტერნატიული პაკეტია. ისინი არ წარმოადგენენ თანმიმდევრულ ეტაპებს. ერთი პაკეტიდან მეორეზე გადასვლა ხორციელდება მხოლოდ დამკვეთის ადმინისტრატორის მიერ დადასტურებული მოთხოვნის საფუძველზე.
1.1. სატესტო პაკეტი — „ტესტერი“
ფასი თვეში, დღგ-ის გარეშე: უფასო.
პაკეტის ხელმისაწვდომობა: პირველი 10 კომპანია.
აქტიური პროექტი: 1.
მომხმარებელი: 2.
ბინების მაქსიმალური რაოდენობა ერთ პროექტში: 120.
„ჩემი სახლი“ მოწვევა: შეუზღუდავი.
ფოტოების მაქსიმალური რაოდენობა ერთ პროექტზე: 15.
პოტენციური მყიდველები:
- ლიდის მიღება ელფოსტაზე: [დასაზუსტებელია].
- პოტენციური მყიდველების სია სისტემაში: კითხვის რეჟიმი.
- პაიპლაინი, სტატუსები, შენიშვნები: —.
- განაწილება თანამშრომელზე: —.
- იმპორტი: —.
- გატანა: [დასაზუსტებელია].
პროექტი და ბინები:
- პროექტის საჯარო გვერდი: [დასაზუსტებელია].
- ბინის სტატუსი — თავისუფალი / გაყიდული: [დასაზუსტებელია].
- ბინების დაფა, ჯავშნის მართვა: —.
„ჩემი სახლი“:
- პროგრესი, გრაფიკი, დოკუმენტები: [დასაზუსტებელია].
- მასობრივი მოწვევა და მოკლე ტექსტური შეტყობინება: [დასაზუსტებელია].
- ჩატი მყიდველთან: —.
ორგანიზაცია:
- როლები და უფლებები: —.
- კალენდარი და დავალებები: —.
- ხელოვნური ინტელექტის დამხმარე სისტემაში: —.
- საბაზისო ანგარიში: —.
- პრიორიტეტული მხარდაჭერა: —.
1.2. წინასაჯარო პაკეტი
ფასი თვეში, დღგ-ის გარეშე: [ფასი].
პაკეტის ხელმისაწვდომობა: პირველი 50-ის ფარგლებში.
აქტიური პროექტი: 1.
მომხმარებელი: 4.
ბინების მაქსიმალური რაოდენობა ერთ პროექტში: 200.
„ჩემი სახლი“ მოწვევა: შეუზღუდავი.
ფოტოების მაქსიმალური რაოდენობა ერთ პროექტზე: შეუზღუდავი.
პოტენციური მყიდველები:
- ლიდის მიღება ელფოსტაზე: [დასაზუსტებელია].
- პოტენციური მყიდველების სია სისტემაში: სრული.
- პაიპლაინი, სტატუსები, შენიშვნები: [დასაზუსტებელია].
- განაწილება თანამშრომელზე: [დასაზუსტებელია].
- იმპორტი: [დასაზუსტებელია].
- გატანა: [დასაზუსტებელია].
პროექტი და ბინები:
- პროექტის საჯარო გვერდი: [დასაზუსტებელია].
- ბინის სტატუსი — თავისუფალი / გაყიდული: [დასაზუსტებელია].
- ბინების დაფა, ჯავშნის მართვა: [დასაზუსტებელია].
„ჩემი სახლი“:
- პროგრესი, გრაფიკი, დოკუმენტები: [დასაზუსტებელია].
- მასობრივი მოწვევა და მოკლე ტექსტური შეტყობინება: [დასაზუსტებელია].
- ჩატი მყიდველთან: [დასაზუსტებელია].
ორგანიზაცია:
- როლები და უფლებები: [დასაზუსტებელია].
- კალენდარი და დავალებები: [დასაზუსტებელია].
- ხელოვნური ინტელექტის დამხმარე სისტემაში: [დასაზუსტებელია].
- საბაზისო ანგარიში: —.
- პრიორიტეტული მხარდაჭერა: —.
1.3. წინასაჯარო პლუსი
ფასი თვეში, დღგ-ის გარეშე: [ფასი].
პაკეტის ხელმისაწვდომობა: პირველი 50-ის ფარგლებში.
აქტიური პროექტი: 2.
მომხმარებელი: 10.
ბინების მაქსიმალური რაოდენობა ერთ პროექტში: 400.
„ჩემი სახლი“ მოწვევა: შეუზღუდავი.
ფოტოების მაქსიმალური რაოდენობა ერთ პროექტზე: შეუზღუდავი.
პოტენციური მყიდველები:
- ლიდის მიღება ელფოსტაზე: [დასაზუსტებელია].
- პოტენციური მყიდველების სია სისტემაში: სრული.
- პაიპლაინი, სტატუსები, შენიშვნები: [დასაზუსტებელია].
- განაწილება თანამშრომელზე: [დასაზუსტებელია].
- იმპორტი: [დასაზუსტებელია].
- გატანა: [დასაზუსტებელია].
პროექტი და ბინები:
- პროექტის საჯარო გვერდი: [დასაზუსტებელია].
- ბინის სტატუსი — თავისუფალი / გაყიდული: [დასაზუსტებელია].
- ბინების დაფა, ჯავშნის მართვა: [დასაზუსტებელია].
„ჩემი სახლი“:
- პროგრესი, გრაფიკი, დოკუმენტები: [დასაზუსტებელია].
- მასობრივი მოწვევა და მოკლე ტექსტური შეტყობინება: [დასაზუსტებელია].
- ჩატი მყიდველთან: [დასაზუსტებელია].
ორგანიზაცია:
- როლები და უფლებები: [დასაზუსტებელია].
- კალენდარი და დავალებები: [დასაზუსტებელია].
- ხელოვნური ინტელექტის დამხმარე სისტემაში: [დასაზუსტებელია].
- საბაზისო ანგარიში: [დასაზუსტებელია].
- პრიორიტეტული მხარდაჭერა: [დასაზუსტებელია].
2. წინასაჯარო პერიოდის პაკეტებში არ შედის
2.1. პორტალებზე ავტომატური განთავსება (myhome.ge, ss.ge, korter.ge და სხვა); სამგანზომილებიანი ტურები; სრული ანალიტიკა და ანგარიშები; სარეკლამო კაბინეტი; სოციალური სივრცე; ტელეფონისა და ზარების ჟურნალი; WhatsApp-ის, Instagram-ის, Telegram-ისა და Messenger-ის ინტეგრაცია; ფაილების მართვის ცალკე მოდული; ჩაშენებული მესენჯერი; პროგრამულ ინტერფეისზე წვდომა; პირადი მენეჯერი; მომსახურების დონის შეთანხმება; სამი ან მეტი პროექტი; მობილური აპლიკაცია; ბრენდირებული მყიდველის კაბინეტი.
3. ფასი და გადახდა
3.1. პაკეტის ფასი თვეში: აშშ დოლარი [თვიური ფასი].
3.2. ვალუტა: აშშ დოლარი; ანგარიშსწორება ლარში, გადახდის დღის კურსით.
3.3. დღგ: ფასი მითითებულია დღგ-ის გარეშე; დღგ დაემატება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3.4. ანგარიშსწორების ციკლი: თვიური.
3.5. ანგარიშსწორების დაწყების თარიღი: [ანგარიშსწორების დაწყების თარიღი].
3.6. გადახდის ვადა ანგარიშის მიღებიდან: [გადახდის ვადა დღეებში] დღე.
3.7. დანერგვის საფასური: არ არსებობს.
3.8. დამატებითი პროექტი, მომხმარებელი ან ზღვარი: მოქმედებს პლატფორმაში ნაჩვენები კომერციული პირობები; ცვლილება და შესაბამისი საფასური ძალაში შედის მხოლოდ დამკვეთის ადმინისტრატორის მიერ მათი ელექტრონული ფორმით დადასტურების შემდეგ.